ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 3 400 000 აცრა, რაც არის 1 700 000 მოსახლე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში 1 400 000 აცრა არის ჩატარებული და ეს მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულის ნახევარს უახლოვდება. მანვე აღნიშნა, რომ ეს რიცხვი ჯერჯერობით საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რეალური გარდატეხა მოხდეს.
„საჭიროა მეტად ინტენსიური მუშაობა ვაქცინების გაფართოებაზე. გუშინ 16 000 აცრა ჩატარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. გასულ დღეებში ყოველდღიურად 23 000-ზე მეტი აცრა გვქონდა. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ტემპი და გვქონდეს მოლოდინი, რომ საყოველთაო იმუნიტეტი სწრაფად ჩამოყალიბდება, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად 30 000 მაინც იყოს დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა.
ამ მიმართულებით გარკვეული საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა მეტი აქტივობა არის საჭირო. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხა ბიზნესთან, რათა ვაქცინაციის პროცესი მეტად დაჩქარდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციას, გაბუნიას განცხადებით , დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რათა საბოლოო რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს.
„12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ძალიან სერიოზული საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვენი ექსპერტების ჯგუფები მსჯელობენ და მუდმივად ხდება მოძიება იმ გამოცდილებისა და რეკომენდაციების, რაც მოდის სხვა ქვეყნებიდან.
მაგალითად, ბრიტანეთის გამოცდილების მიხედვით 12-დან 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, რამაც შესაძლოა სასიცოცხლო რისკები შექმნას კოვიდინფექციის განვითარების შემთხვევაში. ზოგიერთი ქვეყანა ცრის ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველა მოზარდს.
ამდენად, ჩვენ გჭირდება დამატებითი მტკიცებულებები იმისთვის, რომ საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ ეს რეკომენდაციები და ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გვექნება უფრო მკაფიო პასუხი ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 309 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 565 957-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.15% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.19%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 905 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 519 673.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 867 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 175, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 46, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 391 საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 031, აჭარაში - 843, იმერეთში - 1 102.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 572 პირი, მათ შორის, თბილისში - 687, აჭარაში - 179, იმერეთში - 340. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში - 241, აჭარაში - 47, იმერეთში - 35.
2 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 124 - თბილისში, 712 - აჭარაში.
29 083 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 88 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 83, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 131 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 526 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 133 პირი, აჭარაში - 4 520, იმერეთში - 3 664.