წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, განაცხადა.
მან ასევე მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს ბუნებრივ სასკოლო გარემოს, საჭიროა მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში.
„მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, სრულიად აკადემიურ სივრცეს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია.
დღეს ფუნქციონირებას იწყებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.
იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში. აქ მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების აცრის საკითხს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში“, - განაცხადა ჩხენკელმა.
მან ასევე ისაუბრა პირველკლასელებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მინისტრის თქმით, პირველი კლასის მოსწავლეები სასკოლო სწავლებას ბუნებრივ პირობებში დაიწყებენ.
„ჩვენ ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირველკლასელებთან დაკავშირებით. პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელებს თავიანთი პირველი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები.
მე მთელი გულით, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს“, - აღნიშნა ჩხენკელმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადების/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩები“ პრეზენტაცია ონლაინრეჟიმში გამართა.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადების/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩები“ მონაწილეები წინასწარი რეგისტრაციისა და კონკურსის გავლის შემდეგ შეირჩნენ თბილისიდან, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან. ეს სწორედ ის ლოკაციებია, სადაც ძირითადი სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები ცხოვრობენ.
20 ტრენერი 6 თვის განმავლობაში გადამზადდება სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში. კურსის დასრულების შემდეგ ტრენერები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეასწავლიანსახელმწიფო ენას დამიაწოდებენ მნიშვნელოვანინფორმაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
პროგრამის დასრულების შემდეგ ტრენერები სწავლებას ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ სასწავლო ცენტრებში განახორციელებენ.
პროგრამის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.ასევე, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადების/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის ტრენერებმა, პროგრამის მონაწილეებმა და სკოლის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
„სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზების ახალ პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს პროგრამა, მომავალშიც გადაიდგმება კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი და განხორციელდება კონკრეტული ინიციატივები, რათა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობისათვის გავაფართოვოთ და გავამარტივოთ ხელმისაწვდომობა იმ სიკეთეებსა და მომსახურებაზე, რომლებსაც სახელმწიფო ქმნის თავისი მოქალაქეებისათვის“- განაცხადა ქეთევან ჯაყელმა.