ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 30 255 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 8 728 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 015 592-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.93%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 545 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 943 212.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 555 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა, აჭარა - 1 184, იმერეთი - 859, ქვემო ქართლი - 302, შიდა ქართლი - 429, გურია - 186, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 289, კახეთი -339, მცხეთა-მთიანეთი - 176, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 799 საიდანაც:
4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 858, აჭარაში - 596, იმერეთში - 812.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 000 პირი, მათ შორის, თბილისში - 424, აჭარაში - 131, იმერეთში - 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 45, იმერეთში - 21.
1 896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 112 - თბილისში, 562- აჭარაში.
51 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ინფორმაციით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1254 შემთხვევა; აქედან სტაციონარში მოხვდა 14 პირი და 13 უკვე გაწერილია.
ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დადასტურებული 1254 შემთხვევიდან, დაახლოებით, 17-20% რეინფიცირებაა.
„დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი -7521, რაც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. ასევე გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი. ერთადერთი პოზიტივი გახლავთ ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს და რამდენიმე დღის წინ ჩამოვცდით ჩვენს ზღვრულ მაჩვენებელს. თანდათან ეს მძიმე ინდიკატორიც ქვემოთ მოდის. დადებითი შემთხვევების 50% ქვეყანაში „ომიკრონით“ არის გამოწვეული. თბილისში, სადაც შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს, იქ „ომიკრონის“ წილი 65%-ია. რეგიონებში 30-35%-ის ფარგლებში გვაქვს. ინციდენტობის მაჩვენებლით თბილისს მოსდევს აჭარა და გურია. თუმცა, მეორე ადგილზე „ომიკრონის“ მაჩვენებლით თბილისს მოსდევს იმერეთი, აჭარა და შიდა ქართლი. „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 1254 შემთხვევა გვაქვს. ამ 1254 შემთხვევიდან საშუალო ასაკი გახლავთ 33,8. ანუ უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს. სტაციონარში მოხვდა 14 პირი, აქედან 13 გაწერილია. სტაციონარიზაციის ძირითადი მიზეზი თანმხლები დაავადებები გახლდათ და არა კოვიდის სიმძიმე. ჯერჯერობით „ომიკრონის“ შემთხვევები „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან თუ ბევრი შემთხვევა იქნება ერთდროულად, სხვა შედეგი იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას მოუწოდა მესამე „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ „ბუსტერი“ „ომიკრონის“ შტამზეც ეფექტურად მოქმედებს.
„უმორჩილესად ვთხოვ მოსახლეობას გაიკეთონ „ბუსტერი“. შეგიძლიათ გაიკეთოთ „სინოფარმი“, „სინოვაკითაც.მაგრამ უმრავლესობა - ქვეყანაში გაკეთებული 120 ათასი „ბუსტერიდან“ (85%) მაინც „ფაიზერზე“ მოდის. „ბუსტერიზირებულს“ რომც დაემართოს კორონავირუსი, ან განვითარდეს რეინფექცია, იქ ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ამიტომ დღეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მასობრივი „ბუსტერიზაციაა“. 1 მილიონ 200 ათასი ადამიანია ვაქცინირებული, სასურველია, რომ ყველა მივიდეს და გაიკეთოს „ბუსტერი“, რათა ჩვენ ეს ტალღა შედარებით მსუბუქად გადავიაროთ. ასევე ყველგან ვატაროთ ნიღაბი. ერთ-ერთი თვისება „ომიკრონის“ ის გახლავთ, რომ მას სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი აქვს. 1254 შემთხვევაზე დაახლოებით, 17-20% რეინფიცირებაა - ანუ ინფიცირებული იყო „დელტათი“ და დაინფიცირდა „ომიკრონით“. ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება, თუმცა, „ომიკრონით“ ინფიცირება შედარებით მსუბუქია. მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“, როგორც სურდოს ისე გადავიტან. „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და დამძიმებას. ამიტომ სჯობს, არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, - განაცხადა გამყრელიძემ.