ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში არსებულ სტიქიის ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
სტიქიის ზონაში იმყოფება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან, მერის მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად.
მეწყერმა გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში ოთხი სახლი მოიყოლა, ამ დროისათვის ინტენსიური ძებნა-ძიების ღონისძიებების ფარგლებში გადარჩენილია და მკურნალობას გადის 1 მოქალაქე. ნაპოვნია ხუთი ცხედარი. სამუშაოები გრძელდება ოთხი პირის მიმართ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული ოთხი მოქალაქე დროულად იყოს ნაპოვნი.
სტიქიის ზონაში დილიდან ადგილზეა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი - გარდაცვლილია 4 და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 5 პირის მიმართ.
6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები. ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.
,,კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში. ,,- გარემოს ეროვნული სააგენტო