დღეს, 8 მარტს, მესხიშვილის თეატრის წინ, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით გაიმართა აქცია „სოლიდარობა უკრაინელ დედებს და ბავშვებს“, რომელშიც ფონდის წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა სამოქალაქო ატივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა და ახალგაზრდებმა მიიღეს.
სპეციალურად ამ აქციაში მონაწილეობისთვის აქტივისტები ჩამოვიდნენ იმ 13 მუნიციპალიტეტიდან, სადაც ქალთა ფონდ „სოხუმის“ პროექტები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით წარმატებით ხორციელდება.
„ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ომი, ვიცით რას ნიშნავს მშობლიურ მიწაზე რუსული ოკუპაცია და გვერდით დგომა ამ დროს ყველაზე დიდი ძალაა“ - აცხადებდნენ „სოხუმელები“.
ქალთა ფონდ „სოხუმის“თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდანაა და 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ , როცა ქართულ მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს საკუთარი სახლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) სტატუსით ცხოვრობს.
„ქალთა ფონდის სახელით მზად ვართ არა მარტო სიტყვით, მორალური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული ტვირთებით და ფინანსურად დავეხმაროთ უკრაინელ ქალებს და ბავშვებს. ჩვენ ვიზრუნებთ მათზე, როგორც გმირი ერის დედებზე, გმირი ერის ღირსეულ მომავალ თაობაზე“ -განაცხადა ქალთა ფონდ „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.
8 მარტს ქალთა სოლიდარობის აქცია, ფონდ „სოხუმის“ ტრადიციაა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის კვირულში იმართება.