იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ქუთაისში ოღასკურას კალაპოტის 1.2-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტის ღირებულება 4 893 422 ლარს შეადგენს და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
ზესტაფონში ხორციელდება მდინარე აჯამურაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში სრულად განახლდება ხიდის ინფრასტრუქტურა, საყრდენი კონსტრუქციები და სავალი ნაწილი, ასევე მოეწყობა თანამედროვე გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 864 000 ლარს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში მიმდინარეობს ქ.ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულმასშტაბიანი აღდგენა. სამუშაოების ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს და პროექტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტების დასრულების შემდეგ იმერეთის რეგიონში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ისე მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების პირობები.
