გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და იმერეთში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.
2 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების, თამარისისა და დიდი მუღანლოს მიმდებარედ. მოქალაქეებმა მდინარეებზე - მტკვარსა და ხრამზე თევზჭერის აკრძალული საშუალებების, ელექტროიარაღების გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 6 კილოგრამამდე ხრამულის სახეობის თევზი.
ელექტროიარაღით ახდენდა თევზჭერას მოქალაქე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითშიც. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 3 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი.
ვინაიდან ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, სამივე საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინეს.
