საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ (3 914 000 კაცი) წინასწარ მონაცემთან შედარებით.
მოსახლეობის 52 პროცენტი (2 048 577 ) ქალია, ხოლო 48 პროცენტი (1 881 004 ) - კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში და შეადგენს 54 პროცენტს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში-49 პროცენტი.
თბილისში ცხოვრობს 1 331 485 კაცი, რაც საქართველოს მოსახლეობის 34 პროცენტია. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებს იმერეთი (510 741 კაცი) და ქვემო ქართლი (441 630 კაცი)-13 და 11 პროცენტი.
