გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ სოფელ ზედა დიმში, მდინარე საკრაულაზე, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა სხვადასხვა სახეობის 1 კილოგრამამდე თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. აღნიშნულ ფაქტზე მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
