ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა,ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე კაკასხიდი-ზეკარის 16 კმ-იანი მონაკვეთის (კმ17-კმ33) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
აღნიშნული გზის ერთი მონაკვეთი გადის ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში, ხოლო მისი მეორე ნაწილი - ალპურ ზონაში. გზა ზღვის დონიდან საშუალოდ 1700-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, განხორციელდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, მოეწყო საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. აღნიშნული მონაკვეთი-ბაღდათი აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია.
ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 65 მლნ. ლარამდეა.

