ქუთაისში გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი და ტრენინგი გაიმართა. ფორუმის მიზანს საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგი წარმოადგენდა.
როგორც პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, მსგავსი ფორმატის ფარგლებში მოსახლეობა რეგიონებში მათთვის პრიორიტეტულ საკითხებს განსაზღვრავს, რათა შემდგომში მათი ლობირება განხორციელდეს.
„მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იმყოფებიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. განხილვის მთავარი თემაა როგორ შევისწავლოთ საჭიროებები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში არსებობს. რათა ამ საჭიროებებმა თავი მოიყარონ და ასახვა ჰპოვონ იმ პროგრამებში რომლებიც შემუშავებული იქნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ. როდესაც ვსაუბრობთ საგზაო რუკაზე და ვამბობთ რომ საჯარო სამსახურების რეფორმას ვატარებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი ხალხის ხმა იყოს იმ პროექტებში, რომლებიც უნდა განახორციელონ მუნიციპალიტეტებმა, ხოლო პროექტები უნდა პასუხობდნენ, იმ ადამიანის მოთხოვნებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ“, - განმარტავს "მეწარმე ქალთა ფონდის" თავმჯდომარე მერი გელაშვილი.
პროექტი ორ წელია ხორციელდება ფონდ "სოხუმის", "მეწარმე ქალთა ფონდისა" და იმერეთის მეცნიერთა კავშირ "სპექტრის" პარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.