ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი ნოდარ გიორგიძე უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
ახალი მერი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, განყოფილებების და ააიპების ხელმძღვანელებს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა წარუდგინა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ახალ მერს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მას მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა ექნება.
შეხვედრაზე ნოდარ გიორგიძემ ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს, ამომრჩეველს და მერიის სამსახურების, განყოფილებების და ააიპების წარმომადგენლებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ახალმა მერმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და მერიის თანამშრომლებს სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო.
ნოდარ გიორგიძე პროფესიით იურისტია. 2017-2021 წლებში ის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 2021-2024 წლებში საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
