26 მაისის მაესტროსა და დამბრვევს შორის ალიანსი მართლაც მოულოდნელი იყო. 2 პროცენტიანი პარტიის თავიქალი იმ ორ პროცენტსაც რომ დაკარგავდა, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეტყობა ბევრი იფიქრა, კარგად გათვალა და გადაწყვიტა.
ჩვენ კი რიტორიკული კითხვის პასუხი ვარაუდებში უნდა ვეძებო ამას კი მხოლოდ პირად ინტერესებამდე მივყავართ. .(კულუარებში რომ უფრო დიდი სიბინძურე ტრიალებს, ცხადია). ქალბატონი ბურჯანაძე ვერ იტანს ჩრდილში ყოფნას, ( კიდევ დიდხანს გაძლო). მოენატრა მის წინაშე ქედმოხრილი მლიქვნელთა კასტა. აღარც კვარტალში ერთხელ ტელესივრცეში გაელვება აკმაყოფილებდა. ხშირად წუწუნებდა კიდეც ამ საკითხზე. ქალბატონმა ანზორევნამ მალე ნახა ტელეეკრანებთან კეკლუცობის შანსი. წამოუსკუპდა ,,ისტორიულ მტერს’’ გვერდით. მართლაც შთამბეჭდავი სანახავია ბურჯანაძე-ბოკერიას ტანდემი. აბა, რა ექნა ფუჭი მოლოდინის ქვეშ მყოფს. ,,ოცნებამ’’ არ გაიკარა, ეტყობა მადაგახსნილის მოთხოვნა-ვნებანი ზღვარს გადასცდა. დიდ გარიგებებს ვერ მიაღწია, ამას მისთვის არასასურველი ქალბატონის გაპრეზიდენტებაც დაერთო, ჰოდა მოთმინების ფიალაც აივსო. შურისძიების წყურვილმა 26 მაისს დაჩეხილი ხალხი და სახურავზე შემოდებული გვამები სულ დაავიწყა.რაც მთავარია, დადგა გამოპრანჭული ქალბატონის ,,ნიჭის ფრქვევის’’ დრო. ნაციონალებისგან მუდმივად ,,პაბეგში’’ მყოფი შვილიც გამოიყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე. ,,ოცნებას’’ ნარჩენებისგან მომავალი უმრავლესობის შეკოწიწებას უწინასწარმეტყველებს ანზორიკო ბურჯანაძე.
ამ პოლიტიკურ ამბიციურ თამაშებში ნინო ბურჯანაძე რომ ბოკერიას ქვეშევრდომად იქცა, ეს ფაქტი მართლაც დარჩება ქართულ ისტორიაში მუდმივი ქილიკის საგნად. ახლა მისი ნაბიჯები რომ ,,გააპრავოს’’, ისევ ,,ისტორიულ’’ ნაბიჯებს დგამს და უარს ამბობს მაჟორიტარობაზე, აქაოდა ამბიციებისგან შორს ვარო, თუმცა ქალბატონმა ბურჯანაძემ ვერ გათვალა, რომ ამ წინასაარჩევნო კეკლუცობას ხალხის თვალში უკვე ნულის ფასი აქვს.
ერთ დროს ნაციონალებთან დაქორწინებული, შემდეგ განქორწინებული, ორგზის დროებით ნაპრეზიდენტალი, პარლამენტის თავმჯდომარეობის გემოს გამსინჯველი, 26 მაისის შემოქმედი ნინო ბურჯანაძე, არა მგონია ფიქრობდეს, რომ არჩევნებში რაიმე შანსი ჰქონდეს, არც ის მგონია, რომ ნაცებ-ბოკერიას გულზე ეხატებოდეს რუსეთთან ჩახუტებული ,,ერთიანი საქართველოს’’ ლიდერი. თუ დასჭირდებათ, ისევ წარბშეუხრელად გადაასკუპებენ ისტორიულ სანაგვეზე. ჯერ წინ დიდი საქმეა, ასე ,,ერთობით’’ დიდი მტერი ჰყავთ მოსაცილებელი...
ავტორი: ნინო ძოწენიძე