ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ გუშინდელ აქციაზე მოვისმინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, აქციაზე აგრესიული სიტყვით გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ, გარდა იმისა, რომ ითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას, რაც „მათი ოცნებაა“.
“მინდა ჩემი მოსაზრება და შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს გუშინდელ აქციაზე. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. გზავნილები მაგალითად, იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, რაც გასაგებია და ნორმალურია, ეს არის მათი ოცნება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
,,გარანტიას ვიძლევი, რომ ყველას ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი. რა თქმა უნდა, არ მინდა სპეკულაციებზე საუბარი, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის იმ ვერსიაზე, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები და მაინცდამაინც, ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე გააკეთეს მიზანმიმართული შეტევა,არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავის დაავიწყდება, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როდესაც ხდებოდა ტერoრისტული აქტების დადგმაც კი, საკუთარი მოქალაქეეების წინააღმდეგ, საკუთარი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.