2024 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდოს - The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) მფლობელი გახდა.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ჯილდო საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს გადასცა.
The Best in Heritage – Project of Influence - კენეტ ჰადსონისა და ჟორჟ-ანრი რივიერას ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურად გადაეცემა უკვე წარმატებულ, ჯილდოს მფლობელ მუზეუმს.
European Heritage Association (ევროპის მემკვიდრეობის ასოციაცია), Europa Nostra-თან პარტნიორობით, Creative Europe-ის მხარდაჭერითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) პატრონაჟით ყოველწლიურად ავლენს სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და კონსერვაციის სფეროში ყველაზე ინოვაციურ, შთამაგონებელ და უკვე წარმატებულ პროექტებს შორის საუკეთესოს.
ვანის მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.