მორიგი პრემიერა ქუთაისში. რეზო კლდიაშვილის პიესა ,,იმერული რექვიემი” რეჟისორებმა გიორგი თავაძემ და თორნიკე მარჯანიშვილმა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე წარადგინეს.
ერთ მოქმედებიან სპექტაკლში, მთავარი როლი ცნობილმა მსახიობმა მარიკა სამანიშვილმა მოირგო და მაყურებლის წინაშე მორიგი გარდასახვითა და დასამახსოვრებელი პერსონაჟით წარსდგა.
სევდიანი კომედიის სცენებში მსახიობები: ინგა კაკიაშვილი, მაგდა ჩიხლაძე, ზაზა კილასონია, თენგიზ ჯავახაძე, დავით გაჩეჩილაძე, ირინა გუბელაძე, სოფიო ჩირაძე, გოჩა ნემსიწვერიძე მონაწილეობდნენ.
მაყურებელს, ვინც პრემიერაზე დასწრება ვერ მოახერხა, სპექტაკლის ნახვის საშუალება 13 მაისს, 19:00 საათზე ექნება.