დღეს,29 ივნისს, რეზო გაბრიაძის დაბადების დღეა. ქუთაისში დილიდან სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.
,10:00-იდან რ. გაბრიაძის კინო-პერსონაჟების ფოტოებით გაფორმებული ავტომობილი, იგივე ფილმებიდან, გია ყანჩელის უკვდავი მელოდიების ფონზე, დაიძვრება თანამედროვე „აგული“-ს სახელოსნოდან, თეთრი ხიდის მიმართულებით.
"პიკასო" (აგული) ნიჭიერი მხატვარია, რომელიც ფილმის პერსონაჟის მსგავსად, საფლავის ქვების გაფორმებაზე მუშაობს.
11:00 „არაჩვეულებრივი გამოფენის“ გახსნა, თეთრი ხიდის მიმდებარედ, პირველი სკოლის და სკვერის ტერიტორიაზე. ადგილობრივი მხატვრების, ხელოსნების, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების, მათ შორის, ნაირნაირი შლაპების და საზაფხულო ქუდების, გამოფენა-გაყიდვა.
დღის მანძილზე, კოსტუმირებული პერფომანსი, კადრებად გაცოცხლებული სცენები რ. გაბრიძის ფილმებიდან.
მაგ. (მშობლიური 8 ნომერი, კიტრი-პომიდვრით მოლხენა, პიკასოს ბიჭის სცენა, აგულის და შავლეგის მონაწილეობით და სხვა.)
19:00 სპეციალურად გამოყოფილ ღია სივრცეში, კაფე გარდენიას ტერიტორიაზე, გამაგრილებელი სასმელის თანხლებით, რეზო გაბრიაძის ნოველების, წერილების,
ქუთაისზე მოგონებების, საჯარო წაკითხვა სტუმრების მონაწილეობით, ერთმანეთის მონაცვლეობით, ისევე როგორც, სერვანტესს კითხულობენ ესპანელები.
იმპროვიზირებული შოუ - შლაპებით მსვლელობა, თეთრი ხიდის მიმდებარედ.
20:00 "ნიკო ნიკოლაძის კლუბის" პრეზენტაცია - პროექტი, ქალაქის უკვდავ ლეგენდებზე, მოგონებები რეზო გაბრიაძეზე.
შებინდებისას, 20:00 საათის შემდეგ, პროექტორის დიდ ეკრანზე, ფრაგმენტებად გაცოცხლდება გაბრიაძის მარიონეტების, სპეკტაკლების და ფილმების კადრები.
საღამოს დავასრულებთ, უკვდავი ფილმის, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ რეტროსპექტივით, დიდ ეკრანზე.
ღონისძიების მიზანია, რეზო გაბრიაძის დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციად დამკვიდრება, მის მშობლიურ ქუთაისში.
გაბრიაძის შემოქმედების პოპულარიზება, ახალ თაობებში, ქალაქის ქართველ, თუ უცხოელ სტუმრებთან, ქუთაისის მკვიდრთა ჩართულობით, უმნიშვნელოვანესია.
ტრადიციად ქცეული, მსგავსი ტიპის ივენთები, ფესტივალები, ვორკშოპები, წარმოდგენები, პოზიტიურ გავლენას ახდენს ქალაქის პოპულარიზაციაზე, როგორც ტურისტულად მიმზიდველი დესტინაციის და შესაბამისად, ეკონომიკურადაც დადებითად აისახება, ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაზე.-წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია - რეგიონალური ტურიზმის განვითარების ცენტრი, და "ნიკო ნიკოლაძის კლუბი" (ქუთაისი)