დღეს,"ინდუსტრიული ქუთაისის" ბიბლიოგრაფიაზე მუშაობისას, ამ გაზეთის ლეგენდარულ ნომერს მივადექი. დიახ, ეს სწორედ ის გაზეთია და ის ნომერი, სადაც პირველად გამოქვეყნდა გალაკტიონის ლექსი "ნიკორწმინდა" (აწ უკვე "ქებათა ქება ნიკორწმინდას"):"ინდუსტრიული ქუთაისი", N 166 (4393), 30 აგვისტო, 1947 წელი.
გაზეთს ხელს აწერს პასუხისმგებელი რედაქტორი ვალერიან ლალიაშვილი. ფართო ფორმატის, ორგვერდიანი გაზეთის მეორე გვერდზე დაბეჭდილ "ნიკორწმინდას" შუა ხნის პოეტის დიდი პორტრეტი უძღვის. ტირაჟი 10 ათასია. სტახანოველთა მიღწევებისა და საბჭოური ცხოვრების ამსახველი სხვა იდეოლოგიური ინფორმაციების ფონზე გალაკტიონის პოეტური შედევრი დაახლოებით ისე ჟღერს , როგორც ბეთჰოვენის სიმფონია - შოუბიზნესის წვრილ "ვარსკვლავთა" ფონოგრამებთან.
ვალერიან ლალიაშვილს მეც და ჩემი თაობის ქუთაისელი ჟურნალისტებიც კარგად ვიცნობდით. 90 წელს გადაშორებული მოხუცი იყო, ქაღალდებით გაბერილი ვეება პორტფელით კვლავაც ენერგიულად, მხნედ რომ შემოაბიჯებდა ხოლმე გაზეთ "ქუთაისის" რედაქციაში. ნეტა, როგორ და რა გზით მოიპოვა გალაკტიონისაგან ეს ლექსი, რატომ დაბეჭდა პოეტმა ის სწორედ ქუთაისის პრესაში? თუმცა,გასაკვირიც ვერ იქნება: ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული განყოფილების თანამშრომლები ძველი ქუთაისური პრესის ანალიზისას საკმაოდ ხშირად ვაწყდებით როგორც გალაკტიონის, ასევე - გრიშაშვილის, ლეონიძის, ლადო ასათიანისა და სხვა გამოჩენილი პოეტების ლექსებსა თუ წერილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საქალაქო გაზეთს თავისი არსებობის ყველა ეტაპზე ჰქონდა მწერლების ნდობა და მხარდაჭერა.
ასე რომ , იცოდეთ: პირველად „შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა"...სწორედაც "ინდუსტრიული ქუთაისის" (გაზეთ "ქუთაისის" წინამორბედის) ფურცლებზე.
ავტორი ნანული ცხვედიანი