პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხრციელებისათვის „ ფარგლებში ZOOM პლატფორმაზე ქსელური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა რეგიონალური ქსელის შექმნას, მასში გაერთიანდა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ზუგდიდის, სენაკის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა საინიციატივო ჯგუფები.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის ხელმღვანელები და ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აღმოსავლეთ საქართველოდან.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში ქალთა საინიციატივო ჯგუფების მიერ შესრულებული საქმიანობების შესახებ, შეფასდა არსებული სიტუაცია და გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომელიც 1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის პროცესში ცალკეულ მუნიციპალიტეტებში იკვეთება.
-რატომ არის მნიშვნელოვანი ქსელის შექმნა, ამ ინსტრუმენტის გამოყენება რას შეცვლის საინიციატივო ჯგუფების საქმიანაობაში და როგორია მოსალოდნელი შედეგები - დისკუსია ძირითადად ამ მიმართულებით გაგრძელდა.
მონაწილეთა შეფასებით, ქსელი შექმნის საუკეთესო პლატფორმას ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით უფრო ეფექტიანი გახდება იგპ ქალთა/გოგონათა პრობლემების ადვოკატირება.
შეხვედრის დასასრულს სამომავლო სტრატეგიის კონტურები გამოიკვეთა, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან პარტნიორული სივრცის შექმნას და თანამშრომლობას 1325 რეზოლუციის მუნიციპალურ დონეზე დანერგვის მიზნით.