2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ - 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.
„ამ 5 წლის განმავლობაში, სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოცდა.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია.
„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ლარში 50 მილიარდიდან 105 მილიარდამდე, ხოლო დოლარში 16 მილიარდიდან 38 მილიარდამდე გაიზარდა.
ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა, რაც პირდაპირ განაპირობებს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდას და მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობების გაფართოებას, ისე სიღარიბის შემცირებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
