საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის IV კვარტალში ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 217.5 ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 8.5%-ით არის გაზრდილი. ეს თანხა წარმოადგენს მთლიან ხელფასს, რომელსაც საშემოსავლო გადასახადის 20% აკლდება, შესაბამისად ხელზე აღებული საშუალო მთლიანი ხელფასი 2024 წლის მეოთხე კვარტალში 1773 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება სექტორების მიხედვით საშუალო ხელფასებს, მათ შორის პირველ ადგილს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი იკავებს, რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს. მეორე პოზიციაზეა საფინანსო სექტორი, მესამეზე კი მშენებლობის დარგი.
გენდერული სხვაობები ხელფასებში სქესის მიხედვით-2024 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 778.5 ლარს, ხოლო კაცების – 2 653.8 ლარს შეადგენდა. წლიური ზრდა ქალებისთვის 10.7 პროცენტი (171.2 ლარი), ხოლო კაცებისთვის 7.7 პროცენტი (189.9 ლარი) იყო. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის ყველა კატეგორიაში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას აჭარბებს.
რეგიონული სხვაობები ხელფასების მიხედვით- ლიდერობს თბილისი, სადაც საშუალო ხელფასი 2583 ლარია, ხოლო ბოლო ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 1060 ლარის საშუალო ხელფასით.