სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია 145 000 - ზე მეტმა ადამიანმა. მაჩვენებელი 15.6% დან 11.8% მდე შემცირდა.
„2023 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16.0 პროცენტი შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 11.5 პროცენტი (-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 8.0 პროცენტი (-2.5 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით და 11.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7 პროცენტული პუნქტით და 12.2 პროცენტს შეადგენს“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.