ზესტაფონი - “ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანის მე-4 საამქროში, 26-ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა. საწარმოში განხორციელებული სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას და სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძეს ,,ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა გააცნო.
ღუმელი დღე-ღამეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას მინიმუმ 25 000 ტონამდე, ანუ 10 % გაზრდის, რაც მეტ ექსპორტს და სავალურო შემოდინებებს ნიშნავს.
ამასთან, ახალი ღუმელიდან, წელიწადში 43 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის გამოშვება იგეგმება.
სატესტო მუშაობის შემდეგ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში, 26-ე ღუმელი, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
კაპიტალური სამუშაოების დასრულებას ხუთი თვე დასჭირდა, ჯამში, 2 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. ღუმელის ამოქმედებამ დამატებით 20 სამუშაო ადგილი შექმნა.
ახალ ღუმელზე, რომელიც 22,5 მგვტ სიმძლავრის არის, საწარმოო პროცესი ნახევრადდახურული ციკლით წარიმართება. შესაბამისად, ლითონის გამოშვების პროცესში, მავნე მტვერი გარეთ არ გამოიფრქვევა.
„ჯორჯიან მანგანეზი“, უმსხვილესი ქართული სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა. სავაჭრო პარტნიორობა კი მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 21 ქვეყანას აერთიანებს 2018-2020 წლებში. ტოპ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ამავდროულად, კომპანია საქართველოში, რეგიონულ დონეზე უმსხვილესი დამსაქმებელია და 5000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.