საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ფასების საერთო დონე 1%-ით შემცირდა. წლიური ინფლაციის დონემ კი 2.4 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა.
ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.5 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. კერძოდ, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.2 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (11.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (8.2 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (6.7 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (5.9 პროცენტი). ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.6 პროცენტიანი მატება.