საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს.
1801 წელს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტით გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მოგვიანებით კი, 1811 წელს, ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ქართველი საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმატებით დასრულდა და 106 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის პატრიარქი დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, კირიონ II გახდა.
1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.
მისი მეფობის დროს დიდი თურქობისას გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დაბრუნდნენ. მან მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა.
მეფე დავითმა მუდმივმოქმედი ჯარის შესაქმნელად ყივჩაღეთიდან 40 ათასი მეომარი ჩამოიყვანა, რომელსაც 5 ათასი ქართველი მიემატა.
1121 წელს დავითმა დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი , 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ, დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.
წმინდა მეფე 53 წლის ასაკში, 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი" დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.
ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.