ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი. „წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის.
,,დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“,- განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული, რომელთაგან 1500-მდე საწოლი თავისუფალია.
,,განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად. ამდენად, ჩვენი მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მოხდეს შემთხვევების შემდგომი მატების თავიდან აცილება. ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი საწოლები ჩაერთო პროგრამაში, 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული. აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში. ასევე აგრძელებენ მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ვაქცინაცია როგორც „ასტრაზენეკათი“ ასევე „სინოფარმით“, აქტიურია დაჯავშნა და „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 000-მდე მოქალაქემ დაიკავა რიგი. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის აქტიური განხორციელება არის ჩვენთვის კიდევ ერთი გამოსავალი ეპიდემიის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.