დღეს, 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღინიშნება.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.
შობას 7 იანვარს სერბეთის, საქართველოს და რუსეთის ეკლესიები აღნიშნავენ.
ხოლო 25 დეკემბერს შობას კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის საპატრიარქო, ანტიოქიის საპატრიარქო, რუმინეთის საპატრიარქო, ბულგარეთის საპატრიარქო, კვიპროსის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია, ალბანეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია, უკრაინის ეკლესია ზეიმობს.ასევე, იერუსალიმის საპატრიარქომ და პოლონეთის ეკლესიამ გასცეს კურთხევა თავიანთი სამრევლოებისადმი, რომ სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ შობა იზეიმონ 25 დეკემბერს.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 91 წელი შეუსრულდა.
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად;
25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 46-ე წლისთავი აღინიშნა