ორშაბათიდან ქუთაისში ღამის 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება იკრძალება.საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის მსგავსად შეზღუდვა იმოქმედებს თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში .შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე.
ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე; ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.
დარღვევის შემთხვევაში დაწესებულია 2000 ლარიანი ჯარიმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა,იმერეთში 438.
5 ნოემბრიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელად ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი დაინიშნა,რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ წარადგინა. ინფორმაცია კადეტთა ლიცეუმის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
„კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი. ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საჩხერის სამთო სკოლის განვითარებაში. “COVID-19” -ის გამო შექმნილია არასტანდარტული სამუშაო გარემო, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. მჯერა, ლიცეუმის პირადი შემადგენლობა ბატონ მალხაზთან ერთად, გუნდურად და თავდაუზოგავად იშრომებთ საერთო შედეგისათვის. აქვე მინდა მადლიერება გამოვხატო ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძისადმი, რომელსაც რთულ პირობებში მოუწია დირექტორის მოვალეობის შესრულება.“ -აღნიშნა გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ.
„მადლობა სამეთაურო რგოლს გამოცხადებული ნდობისათვის. ვარ მაქსიმალისტი და მაღალი მოტივაციით მოსული, რათა ამ წარმატებულ სასწავლებელს კიდევ უფრო მეტი წარმატება მოვუტანო. საპასუხისმგებლოა ხელმძღვანელობდე ლიცეუმს, სადაც იზრდება თავდაცვის ძალების მომავალი თაობა, რომელმაც უნდა შექმნას ნატოს სტანდარტებთან თავსებადი გარემო.“- განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.
ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2002 წლიდან მსახურობს. ამ პერიოდის განმავლობაში ის იკავებდა მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის შტაბის უფროსის, „ნატო“-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის ანალიზის განყოფილების ოფიცრისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის თანამდებობებს. მონაწილეობა აქვს მინაღები ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, საფრანგეთში სამთო სკოლების საერთაშორისო ასოციაციის მისიაში და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში. გავლილი აქვს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და თურქეთის არმიის სახმელეთო ჯარების ქვეითთა სკოლის ოფიცრის ძირითადი კურსი. ასევე, ლიტვის სამხედრო აკადემიის კაპიტნის საკარიერო კურსი და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი. აქვს მაგისტრის ხარისხი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს დაარსებიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი ალექსი კეკელია, 2017 წლიდან 2020 წლამდე კი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე.