ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესების შდეგად ჩამოშლილმა მასალამ ცენტრალური მაგისტრალის ჩახერგვა გამოიწვია (ქუ მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფება.
‘’გადაუღებელი წვიმის შედეგად მეწყერი, რომელიც ჩამოწვა ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე აგრძელებს მოძრაობას და დღეს ჩამოვიდა ცაგერი-ამბროლაურის გზის ლაჯანის მონაკვეთზე, ეხლა აქ მობილიზებულია უკვე ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის მასშტაბები არის ძალიან დიდი და საჭიროებს დამატებითი ტექნიკის მობილიზებას, რასაც ვაკეთებთ ახლა. ასევე ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.’’-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ
უამინდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში. არსებულ მდგომარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადგილზე გაეცნო. შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად უკვე გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი. პრობლემების აღმოსაფხვრელად მერიის სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს და მძიმე ტექნიკა სხვადასხვა ლოკაციაზე დილიდან აქტიურად მუშაობს.
,,უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში, დაიტბორა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაიტბორა რამდენიმე სოფელში შიდა საუბნო გზები. უკვე გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ყველა შესაბამისმა სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში, მუშაობს ტექნიკა და ფაქტიურად დღის ბოლომდე ყველგან იქნება აღდგენილი მდგომარეობა" - ზვიად შალამბერიძე.
მოსული უხვი ნალექის შედეგად საჩხერის მუნიციპალიტეტში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, ათამდე საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა ხიდბოგირები, ნაპირდამცავი ნაგებობები, სანიაღვრე არხები და საუბნო გზები.
საჩხერეში მდინარე მერჯეულასა და საირხულას მოდიდების შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სადაც განლაგებულია ქალაქ საჩხერის ავტოსადგური, ცენტრალური ბაზარი და სხვადასხვა სამრეწველო და სასურსათო სავაჭრო ობიექტები.
ამ ეტაპზე პრობლემა მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში, უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.
მერჯევის, ჭალოვანის, სარეკის, ცხიმარეთის, ჯალაურთის და ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულებში მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები და დაზიანდა შიდა საუბნო გზები. ასევე, დაიტბორა მოსახლეობის საკუთრებაში არსებული სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.
ზემოთ ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ ერთეულებში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.