საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში - სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატიურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს.
აღნიშნული ქმედებისათვის, იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და საოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს.
რაც შეეხება ამავე საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისათვის დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
შესაბამისად, მას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ - გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
„ნარკოდამნაშავეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ნარკოდამნაშავეები ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ასევე, დგინდება, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითაც ასაღებდნენ.
სამართალდამცავებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომლის გასაღებაც ე.წ. შავ ბაზარზე იგეგმებოდა. ამოღებულია: “ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „სუბოქსინი“, „მეტადონი“, "კეტამინი", "მეფედრონი", "მდმა", "მარიხუანა" და სხვა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მიზანია, ნარკოტიკების მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ საზოგადოება და გამოვავლინოთ ყველა ის პირი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული“,- განაცხადა დარახველიძემ