26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს - ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე სოფელ ვარძიაში, მდინარე ბორიმელაზე უკანონო თევზჭერას კუსტარულად დამზადებული ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდა.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.