300 წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224-მა ხმოსანმა მისცა. მას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს.
პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილია 1 ბიულეტენი.
პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
შედეგების გამოცხადებას კოლეგიის წევრები ტაშით შეხვდნენ.
ცესკო-ს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს გადასცა და საარჩევნო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
კენჭისყრის პროცესი პარლამენტის სასახლეში - 9:00 საათიდან დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: - პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი - სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 109 წევრიდან “ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 54 წევრი უნდა წარედგინა, ხოლო რვა ოპოზიციურ პარტიას, ჯამში - 55 წევრი. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა გაერთიანებებმა საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნეს, მათთვის განსაზღვრული 55-ვე ადგილი სახელისუფლო პარტიამ შეავსო. შედეგად, ცესკოს მიერ დამტკიცებულ საარჩევნო კოლეგიაში პარტია „ქართულ ოცნებას“ 211 წევრი ჰყავს - აქედან 89 წევრი პარლამენტიდან, 13 წევრი - აჭარის უმაღლესი საბჭოდან, ხოლო 109 წევრი - საკრებულოებიდან.
საარჩევნო კოლეგიაში შედის ოპოზიციის 69 წევრი - საპარლამენტო მანდატის მქონე 61 დეპუტატი და ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს რვა ოპოზიციონერი წარმომადგენელი, თუმცა საარჩევნო კოლეგიაში მათი ყოფნა მხოლოდ ფორმალობაა, რადგან ოპოზიცია პრეცედენტის არჩევის პროცესში არ მონაწილეობს.
რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, საარჩევნო კოლეგიაში საბჭოში 20-ვე წევრი შედის. აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და დევნილობის შემდეგ, 1994 წლიდან თბილისში ფუნქციონირებს.
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას პარლამენტი ცესკოს მეშვეობით უზრუნველყოფს. პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, თავის სხდომაზე შეაჯამებს, რომელიც ასევე პარლამენტის სასახლეში გაიმართება.