დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.მათი შეფასებით,მაღაროელების შრომის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
,,დღეს 4 საათზე საქართველოს პარლამენტთან ჭიათურელი მაღაროელების აქცია იმართება. დღევანდელი აქცია მაღაროელების 2 კვირიანი პროტესტის გაგრძელებაა, რომელიც აქამდე ჭიათურაში მიმდინარეობდა. მაღაროში დასაქმებული მშრომელების პროტესტი უკავშირდება კომპანიის მიერ ცალმხრივად შეცვლილ შრომის გრაფიკსა და ანაზღაურების წესს.
მაღაროელების მოთხოვნებს შორის არის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა და კუთვნილი მიუღებელი ანაზღაურების მიღება. საქართველოს შრომის კოდექსით გარანტირებული ამ უფლებების ეფექტიანი აღსრულების ადრესატი კი სახელმწიფოა, რომელიც მათ შორის შრომის ინსპექციის მეშვეობით უნდა ზედამხედველობდეს შრომის კანონმდებლობის დაცვას სამუშაო ადგილზე.
გავრცელებული ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა ბოლოს 2018 წელს შეამოწმა და არა ერთი დარღვევა დაადგინა.
გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რეაგირება მოახდინოს შრომის უფლებების დარღვევაზე, ჭიათურის მაღაროებში მიმდინარე გაფიცვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია იმის გათვალისწინებითაც, რომ ქალაქი ფაქტობრივად ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა.
DRI მოუწოდებს:
შრომის ინსპექციის სამსახურს - შეისწავლოს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელების შრომის პირობები და მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესახებ.
საქართველოს მთავრობას - ჭიათურაში არსებული ეკოლოგიური და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად უმოკლეს ვადებში შეიმუშაოს და წარმოადგინოს კრიზისის დაძლევის კონკრეტული გეგმა, რომელიც ჭიათურაში და კონკრეტულად, „ჯორჯიან მანგანეზში“ შრომის უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს.
საქართველოს პარლამენტს - გამოიყენოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მექანიზმები: საკომიტეტო მოსმენის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დაბარების სახით, საქართველოს მთავრობის მიერ კრიზისის დასაძლევად გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად.,,- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.