ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით საცავის მოწყობა მიმდინარეობს.
„ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის მიზანია დარიშხანის შემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების სრულად მოწესრიგება. პროექტი მოიცავს სამ ფაზას, რომელთაგან ორი უკვე დასრულებულია - ტერიტორია მთლიანად იზოლირებულია, მასშტაბური სამუშაოებია ჩატარებული ნაპირდაცვითი, სალექარი და წყალგამყვანი არხები მოწყობის კუთხით. მომავალი წლის გაზაფხულზე, უკვე დავიწყებთ პროექტის მესამე ფაზას, რომელიც დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი, სახიფათო ნარჩენების მართვის კუთხით, ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია იქნება სრულად მოწესრიგებული და უსაფრთხო“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილებზე, რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე არსებული სამთო-ქიმიური ქარხნები დაიხურა და დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.
როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებულ პრობლემას სრულად მოაგვარებს.