ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაში არ ხდება მიწის უპირობო გადაცემა: ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა და მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ ხდება, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიცია და ქონების გადასახადის გადახდა, ასევე 28 კილომეტრის გზის მშენებლობა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა.
„ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული, მიწის პრივატიზაციის საკითხია. თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, მე ამ რიტორიკაში არ და ვერ წამოგყვებით, რადგან ეს მიუღებლად მიგვაჩნია; თუ პრობლემა იმაშია, რომ მიწა საერთოდ გადაეცა კერძო კომპანიას, შეგახსენებთ რომ მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (მისი ერთ-ერთი წარმატებული კომპონენტი) აწყობილია ამ პრინციპზე და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის დროსაც კი გადავცემთ კერძო კომპანიას საჭირო მიწას, ოღონდაც განავითაროს ადგილობრივი წარმოება და დაასაქმოს ადამიანები. მით უფრო ეს გამართლებულია, როდესაც საუბარია 830 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და 2000 კაცის დასაქმებაზე“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, „ნამახვან ჰესი“ გამოიმუშავებს 1.5 მლრდ კვ/სთ-ს, რაც ნიშნავს დღევანდელი იმპორტის ტოლფასს მოცულობას. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს არის 833 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია საქართველოს პოსტკოვიდურ ეკონომიკაში და 2000-მდე დასაქმებული ადამიანი.