ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო "ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტენდერებს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია, შპს “ბორანი” იგებს, რომლის ძირითადი საქმიანობა გზის საფარის მოწყობა, მოვლა-პატრონობა და შეკეთებაა. კომპანიამ, 2013 წლიდან 2022 წლის 12 ივლისამდე 34,970,860 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო.
"ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულია შპს "ბორანის" მოქმედი დირექტორის, ბექა არაბიძის დედა, ნინო ჩხიკვაძე, რომელიც წარსულში კომპანიის 22% წილს ფლობდა. ამჟამად იგი თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს. ნინო ჩხიკვაძემ 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2021 წელს მან, როგორც წარსულში “ბორანის” მეწილემ, ასევე მისმა შვილმა (კომპანიის დირექტორმა) და მეუღლემ (კომპანიის დირექტორის მოადგილემ) საწარმოდან ჯამში 156,893 ლარის შემოსავალი მიიღეს.
დღეს კომპანიის 66% წილს ნინო ჩხიკვაძის დედა, თამარ ღარიბაშვილი ფლობს. ეს წილი გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა მის მეუღლეს, ამირან ჩხიკვაძეს, რომელმაც 1998 წელს თავის პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შპს “ბორანი” და 2020 წლამდე იყო მისი დირექტორი.