ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მაჟორიტარებისთვის 40%-იანი ბარიერის დაწესებას ეხმაურება.როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "წარმომადგენლობითი რგოლის ლეგიტიმაციის ხარისხის გაზრდა მნიშვნელოვნად გააძლიერებს დემოკრატიზაციის და დეცენტრალიზაციის პროცესს ჩვენს ქვეყანაში.
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის 40%-იანი ბარიერის დაწესება იქნება მეტი მოტივაცია თითოეული კანდიდატისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის მხარდაჭერა და დამაჯერებელი უპირატესობა, რაც ქართული ოცნების გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა და ამას ფსევდო-დამოუკიდებელი კვლევის სახელით შეფარული, ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი, ხელოვნური მანიპულაციები ვერ შეცვლის. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებზეც ჩვენი გუნდი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და რიცხვი 41 კიდევ უფრო მეტ სიმბოლურ მნიშვნელობას შეიძენს.
მაღალი ხარისხის ლეგიტიმაციით და პოლარიზებული სივრცის შემცირებით, მმართველი გუნდი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე დგამს თანმიმდევრულ ისტორიულ ნაბიჯებს, რაც ჩვენს ქვეყანას დღითი-დღე აახლოვებს დასავლურ ღირებულებებთან და ხელს უწყობს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას."-აცხადებს ირაკლი შენგელია.