დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა.
როგორც გამირან ამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, კვლევებით დადგენილია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ არსებული ავქცინები ახალ შტამსაც ფარავს.
„ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. ალბათ ჩვენთანაც იქნება, მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს“,- განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, რამდენიმე ადამიანის კვლევა მიმდინარეობს.
„კვლევაშია რამდენიმე ადამიანი, თუმცა საბოლოო დადასტურებული არ არის. მატება გვექნება. რთულია თქმა, რამდენი იქნება - ეს არ იქნება ათობით, მაგრამ რამდნეიმე ერთეული დაემატება“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მესამე ტალღის ალბათობას არ გამორიცხავს და ახალ შტამებს უკავშირებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.
„რა თქმა უნდა, მესამე ტალღის რისკი, განსაკუთრებით ახალ შტამებთან მიმართებაში, არის საკმაოდ მაღალი. აუცილებელია პირბადის გამოყენება. სამწუხაროდ, კვლევები აჩვენებს, რომ პირბადის გამოყენების პროცესი შემცირდა და ეს არის ერთი, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, ასევე, ბიზნესის გარემოში წესების დაცვა და სოციალური დისტანცირება. რაც შეეხება იმას, რომ ვაქცინაციამ რამდენად შეიძლება მოგვცეს ეფექტი მესამე ტალღის აცილებაში, ჯერჯერობით ვაქცინაციის ეფექტი იქნება მინიმალური, რადგან მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე პერიოდში მოსახლეობის მცირე რაოდენობის ვაქცინირება მოესწრება, თუმცა ვაქცინაციის დაწყება და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია იქნება საშუალება იმისთვის, რომ ლეტალობა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შემცირდეს მინიმუმადე. ამასაც ექნება გარკვეული წვლილი, თუმცა ძირითადად არის პირადი საშუალების გამოყენება და წესების დაცვა“ , - განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნია პრევენციის მტავარ მექანიზმად პირბადეს და სოციალურ დისტანციას მიიჩნევს.