საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ფასებზე საუბრის დროს, აშკარაა "აქცენტების გადატანის მცდელობა".
მისი თქმით, ოპოზიცია დღემდე თავს არიდებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან, იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მზადდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ.
თუმცა რაც შეეხება თავად ფასებს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც არის 66%-იანი ზრდა 2012 წლის შემდეგ.
„აქცენტების გადატანის მცდელობა აშკარად არის. რაც შეეხება ფასებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც, არის 66%-იანი ზრდა 2012 წლის შემდეგ. აქაც იყო მანიპულაციები, მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები, სინამდვილეში არის 66%-იანი ზრდა სამომხმარებლო ფასების ინდექსში, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს იმ მონაცემებს, რომლებიც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეზობელ ქვეყნებში და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ 2 კრიზისი, ერთი იყო სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაემთხვა უკრაინის პირველ ომს, ეს იყო 2015-2016 წლები, მაშინ იყო მათ შორის ინფლაციის, დევალვაციის მაღალი მაჩვენებელი და მეორე, ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, როდესაც დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ 66%-იანი მაჩვენებელი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში, კონტინენტზე და მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ეს მონაცემები, რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად, არის მანიპულაციური და შეგვიძლია კიდევ უფრო დეტალური პასუხი გავცეთ ამ სპეკულაციებს, რომელიც ვრცელდება.,,- განაცხადა კობახიძემ.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-18.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-5.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8 პროცენტი), თევზეული (1.6 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8 პროცენტით, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.4 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.5 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (2.7 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (5.0 პროცენტი);