საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი მორიგი ვიზიტით ეწვია.
ალესანდრო მასარის ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, გელათის ძირითად ტაძარში არსებული კლიმატური პირობების შესწავლა იმ ფონზე, როდესაც ტაძრის დასავლეთ მკლავის ხარვეზიანი გადახურვა მაისის თვიდან გახსნილია, მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა და მიმდინარეობს ტაძრის
კედლების გამოშრობა. კლიმატოლოგი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება და, ამ პერიოდის განმავლობაში, მეცნიერულად შეისწავლის ყველა საჭირო მონაცემს, დააკვირდება ტაძარში მიმდინარე შრობის პროცესს, რის შედეგადაც მის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, კულტურის სამინისტრო შემდგომ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი თუნუქის საფარი და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავი მოიხსნა და ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და ზაფხულში დასრულდა. დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგრომეტრული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით მიმდინარეობდა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
კინოთეატრ " საქართველოში " ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ფესტივალის მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში„ოქროს დინოზავრის” პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის გადაეცა “I Didn’t Make It To Love Her”, ესპანეთი.
„ოქროს დინოზავრის“ პრიზი საუკეთესო რეჟისურაში გადაეცა სანდრო სულაძეს ,
ფილმისთვის “გუშაგები”, საქართველო.
ჟიურის თავმჯდომარის სპეციალური პრიზი გადაეცა ფილმს “Batic’s Room”, უკრაინა.
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო შესრულებისთვის დაიმსახურა ზარა მოლაემ , ფილმისთვის ‘’Report On A Termination’’, ირანი.
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთსო სცენარისთვის დაიმსახურა ქსავიე დისკუვემ , ფილმისთვის ‘’Little Prodigy’’, ბელგია.
ფესტივალის დოკუმენტური ფილმების კონკურსში , “ოქროს დინოზავრის” პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის გადაეცა ფილმს ‘’No Body and the Blue Sky’’, გერმანია.
“ოქროს დინოზავრის” პრიზი მეორე ადგილისთვის გადაეცა ფილმს “Nobody Owns Me”, საფრანგეთი.
ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა.
დახურვის ცერემონიალს დღეს ქუთაისის მერი დაესწრო.