პროკურატურამ მაღაროების დაზიანებისკენ მიმართულ ორგანიზებულ მოქმედებაში მონაწილე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს ,,მაღაროელი’’-ს კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2024 წლის 21 ივლისს 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, შპს ,,მაღაროელი’’-ს კუთვნილი მაღაროების სავენტილაციო შენობის ეზოდან სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ჯაჭვით, მავთულებით და ბოქლომით ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი ჩაკეტეს, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, რაც დღემდე გრძელდება.
აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტრო დანადგარების დაზიანება, სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების პარალიზება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის საპროტესტო აქცია 141 დღეა გრძელდება. ისინი მანგანუმის უკონტროლოდ მოპოვების შედეგად სახლების დანგრევას აპროტესტებენ და ,,ჭიათურმანგანეზისგან,, ზარალის ადეკვატურ შეფასებას და სათანადო ანაზღაურებას ითხოვენ.
ინციდენტი,რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, 20 ივლისს მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეებსა და კომპანიის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.შეკრებილებმა ,,ჯორჯიან მანგანეზის,, წარმომადგენლებს მაღაროს კარის გაღების საშუალება არ მისცეს.
ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა .
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს - ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს.
სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.
კვლევის შედეგად, პესტიციდების ნარჩენები, აგრეთვე ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, თუთიისა და რადიონუკლიდების გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლენილა;
ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება 13 შემთხვევაში - კარტოფილის, კომბოსტოს, ჭარხლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნესვის ნიმუშებში.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს დაევალათ მავნე სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის გამოთხოვა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეული წარმოშობის სურსათის პესტიციდების შემცველობასა და ქიმიურ მაჩვენებლებზე შემოწმებას განაგრძობს. წლის განმავლობაში 300 ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევაა დაგეგმილი.