დღეს ჭიათურელი მაღაროელები მიხაილ სოცკს შეხვდებიან. შეხვედრა საღამოს 18:00 საათზეა ჩანიშნული.
რუსეთის მოქალაქე სოცკი ხელმძღვანელობს მაღაროებში რეორგანიზაციის პროცესს.
ასევე , დღეს მღვიმევის მაღაროში სამუშაო პროცესი უნდა აღდგეს. გაფიცული მშრომელები ყველას მოუწოდებენ, არ გამოცხადდნენ სამსახურში.
,,დღეს მღვიმევის მაღაროზე ვიყავით. გავესაუბრეთ დასაქმებულებს, ავუხსენით არსებული მდგომარეობა. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, ამას ბევრი ახსნა არც სჭირდებოდა — ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება.
განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე და ყველას ვთხოვეთ, დაელოდონ მის შედეგებს. შეგახსენებთ, რომ დღეს ვხვდებით კომპანიის ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, ჩვენს იურისტთან ერთად.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა ჩვენს უსამართლოდ დაკავებულ ოთხ თანამებრძოლს და თავი შეიკავა სამუშაო პროცესში ჩართვისგან.
სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც უგულებელყო ეს მდგომარეობა და ამ გაურკვეველი ვითარების ფონზე მაინც გადაწყვიტა მაღაროში შესვლა. თავჩაღუნულები, უხმოდ მიიჩქაროდნენ შესასვლელისკენ.
აღსანიშნავია , რომ ვინც გადაწყვიტა მუშა პროცესში ჩართვა საპენსიო ასაკს მიღწეულები არიან.
ჭიათურელებო, არ გვეკადრება ასეთი საქციელი! არ უნდა ვიაროთ ამ ქალაქში თავდახრილებმა — ერთმანეთისთვის თვალის გასწორების არ უნდა გვცხვენოდეს. შემირცხვენია ყველა ის ჭიათურელი, ვინც პირადი კეთილდღეობის მოლოდინს , ფულს და სიხარბეს კაცობაზე, ადამიანობაზე და მორალზე წინ აყენებს.,,-მაღაროელების საინიციატივო ჯგუფი.
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები პროფკავშირების გაერთიანებისა და მიხაილ სოცკის შეხვედრას ეხმაურებიან.
,,აი, რას გეგმავენ ჭიათურაში: ჭიათურაში მაღაროსთან დაკავშირებულია 10 კომპანია. აქედან 5 კომპანიაში გეგმავენ ყველა საშტატო ერთეულის გაუქმებას. ეს ნიშნავს უკლებლივ ყველა თანამშრომლის გაშვებას. 3 კომპანიაში გეგმავენ შემცირებებს - რომლებში და რა ოდენობით არ ვიცით. 2 კომპანიაში (ახალი გამამდიდრებელი ქარხანა და ჯმ-ემს) დასაქმებულთა რაოდენობა საერთოდ არ მცირდება.
ეს ის 2 კომპანიაა, რომელზეც დღეს პეტრიაშვილის გაყიდულმა პროფკავშირმა გვითხრა, რომ თურმე კონკურსი არ იქნება და ამის მიღწევად გასაღებას ცდილობს.
პეტრიაშვილის პროფკავშირმა იცის, მაგრამ მალავს ინფორმაციას, რომელი 5 კომპანიის ფაქტობრივი ლიკვიდაცია იგეგმება და რომელ 3 კომპანიაში აპირებენ შემცირებას და რა ოდენობით.
მაღაროელებო, მხოლოდ ერთიანობით შეიძლება ბოროტების ამ მანქანასთან დაპირისპირება.,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი მიხაილ სოცკი ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ.სწორედ სოცკი ხელმძღვანელობს ჭიათურაში მაღაროებში რეორგანიზაციის პროცესს. პროფკავშირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,მათ შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა.