იმერეთში, სოფელ გოგნთან ტყეში შესასვლელი ჩაკეტეს. გამოკრული ინფორმაციით, კამერებიც დააყენეს. 2,800 ჰექტარი გადაეცა შპს "გოგნის ქარის კომპანიას", რომლის მფლობელიც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძეა.
ინფორმაციას დათო სიმონია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,აპირებენ ქარის ელექტროსადგურის ჩადგმას. უნდა აშენდეს 28 ტურბინა-გენერატორი, ქვესადგური, მაღალი ძაბვის გადამცემი 21 კილომეტრიანი ხაზი, კაბელების 31 კილომეტრიანი მიწისქვეშა ქსელი, შიდა მისასვლელი გზები, მუშებისთვის ბანაკი და სხვა ინფრასტრუქტურა.
საამისოდ გაიჩეხება 76.42 ჰექტარი ტყე "წითელ ნუსხაში" შეტანილი იშვიათი ხეებით. ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, უნდა მოიჭრას 7,533 ცალი წაბლი, 2,115 ცალი კოლხური ბზა, 40 ცალი უთხოვარი. კომპანიის დაკვეთილი კვლევის მიხედვით, ხეების უმრავლესობა საღია. გადამცემი ხაზებისთვის ტყეში დერეფანი რომ გაიჭრება, ის ტერიტორია მუდმივად გაკაფული დარჩება. გადამცემი ხაზების ქვეშ ხეები არ შეიძლება.
გამოთხოვილია, მაგრამ არ ასაჯაროვებენ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებას. ამის გამო არ ვიცით, რა პირობებით ვიყიდით დენს კერძო ბიზნესისგან. ამ ამბავზე მხოლოდ ერთი ონლაინმედია ყვება. მეტი არავინ. ამიტომ ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია. უმეტესობამ არ იცის, რა ხდება.,,-წერს დათო სიმონია.
