ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ დაუშვებლად სცნო მზია ამაღლობელის საჩივარი მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების თაობაზე.
საია, საქმეში ჩართულ ადვოკატებთან ერთად, მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა და სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება.
ამ დროისთვის დაცვის მხარეს არ ჩაბარებია დასაბუთებული განჩინება, ამდენად, უცნობია რა დასაბუთებით დატოვა სასამართლომ პატიმრობაში მზია ამაღლობელი.
საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, პატიმრობის გამოყენების საკითხი 4 მარტს კვლავ გადაიხედება ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შეცვლის შესახებ ადვოკატებმა საჩივარი ჯერ კიდევ 2025 წლის 15 იანვარს, 17:45 საათზე წარადგინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი მატერიალური სახით ჩაბარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელიც ვალდებული იყო საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, კანონმდებლობის ეს უპირობო მოთხოვნაც კი არ შესრულდა ჯეროვნად და სასამართლომ საჩივრის გაგზავნა შეაფერხა 4 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და ქვეყნის შიგნით იგი აღარ საჩივრდება.