გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, მსოფლიო სურსათის დღე ქუთაისში აღნიშნა.
სურსათის მსოფლიო დღე FAO-ს დაარსების დღეა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია გაეროს კალენდარში. მას ყოველწლიურად 150-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილ აგრობაზარზე „უნიკალური ქართული გემო“ ფერმერებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარადგინეს ტრადიციული სასურსათო ნაწარმი, მათ შორის რძის პროდუქტები, თაფლი, ჩირი, ქართული პური და სხვადასხვა ნიშური პროდუქცია. ბავშვებისთვის გაიმართა სახალისო აქტივობები, მოეწყო შემეცნებითი ინსტალაცია სურსათის დანაკარგებისა და ჭარბი სურსათის გადანაწილების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის.