დღეს, 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღინიშნება.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.
შობას 7 იანვარს სერბეთის, საქართველოს და რუსეთის ეკლესიები აღნიშნავენ.
ხოლო 25 დეკემბერს შობას კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის საპატრიარქო, ანტიოქიის საპატრიარქო, რუმინეთის საპატრიარქო, ბულგარეთის საპატრიარქო, კვიპროსის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია, ალბანეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია, უკრაინის ეკლესია ზეიმობს.ასევე, იერუსალიმის საპატრიარქომ და პოლონეთის ეკლესიამ გასცეს კურთხევა თავიანთი სამრევლოებისადმი, რომ სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ შობა იზეიმონ 25 დეკემბერს.