4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს.
ყოვლადწმინდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა.თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი ლოცვა და ცოლ-ქმარს ასული აჩუქა. იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როდესაც მარიამი სამი წლის გახდა, უხმეს ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში .ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია (იოანე ნათლისმცემელის მამა) შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.
ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. როდესაც მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედა გახდა.