ინფორმაციას ,,მსოფლიო საეკლესიო სიახლენი,,ავრცელებს.
2022 წლის 4 ოქტომბრის საღამოს, ქუთაისში, კათოლიკე ეკლესიის სასულიერო პირებმა და მრევლმა საქართველოში ჩამოტანილი ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებით მსვლელობა გამართეს, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა წმინდა საყდრის (ვატიკანის) ელჩი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი ხოსე აველინო ბეტანკური.
ვატიკანის ელჩის ხელმძღვანელობით აღნიშნული მსვლელობა მივიდა ქუთაისის ყოფილ კათოლიკურ ტაძართან (ამჟამად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი), სადაც წმინდა საყდრის ელჩსა და მის თანმხლებ პირებს ტაძრის ეზო სპეციალური ლენტით დახვდათ გადაკეტილი. ირკვევა, რომ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) დავალებით, ვატიკანის ელჩი და მისი თანხმლები პირები არ შეუშვეს ქუთაისის ყოფილ კათოლიკურ ტაძარში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მედიის, Catholic.ge -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: “ცერემონიაზე დაპატიჟებული იყვნენ ქუთაისში მცხოვრები სხვა აღმსარებლობის ადამიანები. მათმა ნაწილმა მონაწილეობა ღონისძიებებშიც მიიღო. მიმლოცველობის კულმინაცია ღვთისმშობლის ქანდაკებით მიმლოცველობა გახდა. საღამოს ქუთაისში ანთებული სანთლებითა და “ლიტანიის” გალობით მრევლმა მსვლელობა გამართა. ხუთ, კათოლიკეებისათვის მნიშვნელოვან ადგილზე კი შეჩერება მოეწყო. მათ შორის იყო ქუთაისის ყოფილი კათოლიკური შენობა, რომელიც ამჟამად მართლმადიდებლებს აქვთ. თუმცა ეკლესიის ეზოში შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მისი შესასვლელი სპეციალური ლენტით იყო შემოსაზღვრული”.
“მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” ინფორმაციით ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის ეზო, დღეს, 5 ოქტომბრის დილითაც, კვლავ სპეციალური ლენტით იყო გადაკეტილი და ადგილზე სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.
ფოტოები საქართველოში წმინდა საყდრის ელჩის, მთავარეპისკოპოს ხოსე აველინო ბეტანკურის პირადი ფეისბუქგვერდიდან.