დანაშაულია,როცა ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტიდან 50%-ზე მეტი ბიუროკრატიის შესანახად არის გაწერილი- ეს განცხადება დღეს ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ოფისში გაკეთდა.იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თემურ ცამციშვილმა და ბაქარ ნიკოლაძემ დღეს ბრიფინგი გამართეს.მათი თქმით,ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, მხოლოდ სახელფასო ფონდი ბიუჯეტის 45%-ია. საერთო ჯამში კი 2023 წელს ბიუროკრატიის შესანახად საერთო თანხის 50%-ზე მეტი დაიხარჯება.
"ხელფასების გარდა ,მარტო ავტოპარკინგის შენახვა წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი უჯდება მერიას.ამას ემატება წარმომადგენლობითი ხარჯები.იმ ფონზე, როცა ქალაქში უამრავი პრობლემაა,განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული მიმართულებით,ინფრასტრუქტურაში მხოლოდ 13 მილიონის დახარჯვა არ არის საკმარისი.ეს ბიუჯეტი არ არის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული.დანაშაულია,რომ ამ ფონზე ბიუჯეტის 50 %-ზე მეტი ბიუროკრატიის შენახვაში დაიხარჯება"-განაცხადა ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა.
მომავალი წლის ქუთაისის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით 85 მილიონ 917 ათასი ლარია.