15 ნოემბერს, ჭიათურაში, საზეიმო გალა-კონცერტით დავით გამრეკელის სახელობის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დაფუძნდება.
პროექტი „ოპერა შენს ქალაქში“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ინიციატივას წარადგენს, რომლის მიზანი საოპერო ხელოვნების პოპულარიზაცია და რეგიონებში მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ფესტივალი სახელოვანი ქართველი ბარიტონის, დავით გამრეკელის სახელს ატარებს.
დავით გამრეკელი ჭიათურაში დაიბადა.მან საოპერო ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ფესტივალის იდეის ავტორი და ინიციატორია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, ამავე თეატრთან არსებული ანსამბლ „სულიკოს“ წევრი - ვანო გალუაშვილი.
ფესტივალის დაფუძნების აღსანიშნავად საზეიმო გალა-კონცერტი 15 ნოემბერს, 18:00 საათზე, ჭიათურის კულტურის ცენტრის დარბაზში გაიმართება.
გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის და ქუთაისის ოპერის თეატრების სოლისტები და მოწვეული სოლისტები.
საღამოში ასევე მონაწილეობენ:
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი;
ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის აკადემიური კამერული გუნდი - ხელმძღვანელი და დირიჟორი ირინე ლომინაძე.
გალა-კონცერტის დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი.
ფესტივალის დაფუძნება განხორციელდა შემოქმედებითი საქართველოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით.
